დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.
სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. ცვლილებები ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის საფასურის გადახდისაგან მგზავრთა გადაყვანის შეჩერების პერიოდში. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერება COVID-19-თან დაკავშირებული ფორსმაჟორული გარემოებებით არის გამოწვეული.
ცვლილებები შევიდა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტებშიც. პროექტის ძირითადი მიზანია სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და სამარშრუტო ქსელის მგზავრზე მაქსიმალურად მორგება.
დამტკიცდა ბათუმის მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და განვითარების, ნარჩენების მართვის, ენერგეტიკის, ურბანული მობილობისა და გარემოსდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.
საკრებულოს სხდომაზე არჩილ ჩიქოვანმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა: „განაცახდების მიღება 31 აგვისტოს სრულდებოდა, თუმცა, კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტაციის მიღების პროცედურების გახანგრძლივების გამო, განაცხადების მიღება სექტემბრის ბოლომდე გადავადდა. შემდგომი პროცედურა იქნება საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა სახელმწიფო შესყიდვების გზით. საკონსულტაციო ტენდერი გამოცხადდება და დასრულდება წლის ბოლომდე, რის შემდეგაც შეირჩევა ბენეფიციარები, რომლებსაც ,,ხელმისაწვდომ საცხოვრისში“ ბინები გადაეცემათ“.