ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთანსთან ერთად, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონი და ტრენაჟორები.
არჩილ ჩიქოვანი - კვარიათში, ზღვისპირა ზოლში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავიწყეთ. წლების განმავლობაში ეს ადგილი იყო უსახური და მოუწესრიგებელი. ჩვენ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა. მათი თხოვნა იყო, შექმნილიყო ბავშვებისთვის ისეთი სივრცე, სადაც შეძლებდნენ როგორც დასვენებასა და გართობას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებას. ჩვენ დავპირდით მათ ამ საკითხის მოგვარებას. დღეის მდგომარეობით კი, სამუშაოები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიას ახალი სპორტული მოედანი, ბავშვთა ატრაქციონები და ტრენაჟორები შეემატება. პროექტის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბავშვები კმაყოფილები დარჩებიან.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 300 ათასამდე ლარს შეადგენს.